კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონიის რეფერენდუმის მოახლოებასთან ერთად ესპანეთში დაძაბულობა მატულობს

Lluis Gene/AFP via Getty Images

პირველ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, სადაც კატალონიელები გადაწყვეტენ სურთ თუ არა ესპანეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბება. რეფერენდუმის შესახებ კატალონიის კანონის მიხედვით მოქალაქეები ვალდებული არიან მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ეს კანონი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არალეგალურად ცნო.

ოფიციალური მადრიდის თქმით რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია ისევე, როგორც ის კანონები, რაც კატალონიის მთავრობამ ერთი კვირის წინ მიიღო. ამ კანონების მიხედვით, თუ რეფერენდუმის შედეგები დადებითი იქნება, კატალონია ესპანეთის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ კონტროლს გამოეთიშება.

ესპანეთის მთავრობა უარს აცხადებს საკითხის განხილვაზე და საპასუხო ქმედებებით იმუქრება, რაც მოიცავს კატალონიის ფინანსებზე კონტროლის აღებას და მათი რეგიონული ავტონომიის გაუქმებას. ისინი კატალონიის ლიდერებს აფრთხილებენ, რომ რეფერენდუმისათვის ხელის შეწყობის შემთხვევაში მათ გასამართლება დაემუქრებათ ისევე, როგორც ყველას ვინც დაბეჭდავს და გაავრცელებს საარჩევნო ბიულეტენებს.უკანასკნელ დღეებში პოლიციამ რეიდები მოაწყო გამომცემლობებში და გაზეთების ოფისებში.

ამ დრომდე 712 მერმა განაცხადა, რომ აპირებენ ითანამშრომლონ კატალონიის მთავრობასთან და ხელი შეუწყონ რეფერენდუმის ჩატარებას, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს ბრძანებისა და ესპანეთის მთავრობის მხრიდან გაფრთხილებებისა. გასულ კვირას მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კატალონიის ზოგიერთი ქალაქის მერმა, ვინც რეფერენდუმს გაემიჯნა, დამოუკიდებლობის მომხრეებისაგან მუქარის შემცველი წერილები მიიღო.

რეფერენდუმის წინააღმდეგია ბარსელონის მერი ადა კოლაუ. მისი თქმით ამომრჩეველთა მონაწილეობის მინიმალური ზღვრის არარსებობა პრობლემებს წარმოშობს. მიუხედავად ამისა მან ბარსელონაში ხმის მიცემის დაშვების თაობაზე პუჩემონტთან შეთანხმებას მიაღწია.

გასულ ოთხშაბათს რეფერენდუმის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი დაიხურა, თუმცა 24 საათში კატალონიის მთავრობის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა საკუთარ Twitter-ზე გაავრცელა ახალი ვებ-გვერდი. WikiLeaks-ის დამფუძნებელის, ჯულიან ასანჟის თქმით ის ჩართულია ვებ-გვერდის დაცვაში.

ივლისის გამოკითხვების მიხედვით დამოუკიდებლობას კატალონიელების 41,1% უჭერს მაშინ, როდესაც 49,4% წინააღმდეგია.

2014 წლის ნოემბერში ჩატარებულ მსგავს რეფერენდუმში 80%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 37%-მა მიიღო, რაც იწვევს ეჭვის საფუძველს, რომ დამოუკიდებლობის მოწინააღდეგეებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

კომენტარები