თვითმართველობის არჩევნები

ელენე ხოშტარია: პენსიონერებს დავუმატებთ 50 ლარს, სოციალურად დაუცველებს 70 ლარს

facebook.com/pg/tbilisimayor

რამდენიმე წუთის "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარია საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია დასრულდა. ხოშტარიამ ქალაქის ძირითად პრობლემებსა და მისი გადაჭრის ხერხებზე ისაუბრა. 

ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს არსებობს სამი ძირითადი პრობლემა- უკიდურესად მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა და მოუხერხებელი გარემო.

"უკიდურესად მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა და აბსოლუტურად მოუხერხებელი გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელიც არ არის მორგებული ადამიანზე. ამიტომ სამივე მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან გააზრებული პროგრამა.

ავიღოთ მძიმე სოციალური ფონი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდები ქალაქის ყველა უბანში, ცენტრშიც, სხვა უბნებშიც. მე მხვდებიან თვალცრემლიანი პენსიონერები, რომლებმაც არ იციან როგორ იყიდონ წამალი, არ იციან როგორ მივიდნენ ექიმთან, რომლებმაც არ იციან რა ჭამონ, რომლებსაც უამრავი ვალები აქვთ მაღაზიებში და პარალელურად ვხედავთ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ირიცხავენ მილიონობით პრემიებსა და დანამატებს, ხარჯავენ უამრავ ფულს საკუთარ ფუფუნებაზე."- თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით სოციალურად დაუცველებისა და პენსიონრებისთვის განკუთვნილი ფული რეალურად "ვითომ პროექტებში" იხარჯება, ამის მაგალითად კი მილიონი ხის დაპირება მოიყვანა.

"ამიტომ პირველი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და გამოვასწოროთ ეს უსამართლობა არის კორუფციული და უსამართლო 200 მილიონი, რომელიც მოიჭრება და წავა სწორედ პენსიონერებზე, რომელსაც ჩვენ დავუმატებთ 50 ლარს და სოციალურად დაუცველებზე, რომლებსაც დავუმატებთ 70 ლარს. "- თქვა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა.

კომენტარები