ღია მმართველობა

საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა

Facebook / Giorgi Kvirikashvili

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისაგან ოფიციალურად გადაიბარა "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარეობა.

"ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. ამ პროცესში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ. ჩვენ გავიზიარეთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი წარმატების ისტორიებიც განვიხილეთ. აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან." - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა ქართული მხარის გადაწყვეტილებას მიაღწიოს ოთხ მთავარ მიზანს: უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა, ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვას და გაააქტიუროს OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე პირველად გახდა. ორგანიზაცია 2011 წელს დაარსდა და ამჟამად 75 წევრი ჰყავს. მისი მთავარი მიზანია შექმნას საერთაშორისო პლატფორმა შიდა რეფორმების განხორციელებისათვის, რომელიც მიმართულია ღია მმართველობის და მოქალაქეების წინაშე მთავრობების პასუხისმგებლობების გაზრდისაკენ.

საქართველო ორგანიზაციას 2011 წელს შეუერთდა და ამჟამად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მოიცავს რეგიონული განვითარების სფეროში გამჭვირვალობის გაზრდას, საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალქათა ჩართულობის ხელის შეწყობას, საჯარო ინფორმაციის მიწოდებაში ელექტრონული ინოვაციების გამოყენებას ეფექტურობის გაზრდისათვის და სხვა ინიციატივებს.

კომენტარები