სოსო ოხანაშვილის ჩვენება

პატრიარქი: ლაზებო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა

შორენა და პატრიარქი
facebook.com/tabula.ge/

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს, სადაც ის, პირველ რიგში ლაზებს მოუწოდებს არ დაბრკოლდნენ "ზოგიერთთა ზიანის მომტანი ქმედებებით".

"სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო  ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს,  ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ეს პატრიარქის პირველი ვრცელი კომენტარია, მას მერე, რაც მედიას ხელში ჩაუვარდა მისი სიძისა და უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება. ოხანაშვილი სასამართლოს ეუბნებოდა, რომ პატრიარქის რეზიდენციაში, შორენა თეთრუაშვილისა და გიორგი ანდრიაძის ხელშეწყობით, ტერორიზმში ბრალდებული თურქეთის მოქალაქეები (ლაზები) ცხოვრობდნენ. 

ჩანაწერის მიხედვით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ძალოვან უწყებებს მალევე შეატყობინა, თუმცა, მათ არაფერი გააკეთეს. 

"რა თქმა უნდა, დავურეკე შესაბამის ორგანოებს. აქტიურად მეხმარებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იქ შემავალი სხვადასხვა დეპარტამენტი. დავურეკე თბილისის სამმართველოს უფროსს და მას გადავუგზავნე მონაცემები. მან დამიდასტურა, რომ ესენი, სამწუხაროდ, არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები, ერთ-ერთი თურქეთის ინტერპოლის მიერ მკვლელობის და ადამიანის გატაცების გამო იდევნება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაბრუნებთ, იმიტომ რომ თავშესაფარზე მოთხოვნა აქვს და კანონი აძლევს ამის უფლებას.

მოქალაქეობაზე რეკომენდაცია გაუწია გიორგი ანდრიაძემ და შემდეგ ერთმა პირმა. მე, რა თქმა უნდა, მივედი უწმინდესთან და სიტყვა-სიტყვით წავუკითხე, რაც მომწერა კონტრდაზვერვის უფროსმა. პატრიარქმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა და ძალიან შეწუხდა, მთხოვა, მიიღე ზომებიო, გამოვიდნენ იქიდანო, არ შეიძლებაო. იმ ღამესვე გადაიყვანეს ეს ადამიანები სხვაგან.

ერთ-ერთი ჩვენი დაცვის თანამშრომელი შეესწრო საუბარს, როდესაც შორენა პატრიარქს ეუბნებოდა, თქვენო უწმინდესობავ, მართალია, კაცი მოკლა, მაგრამ ისინი არინ ლაზები, აქ ხო არ მოუკლავს, თურქეთში მოკლა და ჩვენ ვინახავთო. პატრიარქი ამას არ ეთანხმებოდა და ეუბნებოდა, დამანებე თავი, არ შეიძლება ესე", - ამბობს სოსო ოხანაშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში. 

გიორგი ანდრიაძემ, რომელიც ე.წ "ლაზურ პროექტს" ხელმძღვანელობს, ოხანაშვილის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ლაზები ოხანაშვილისა და სხვათა განცხადებების გამო განაწყენდნენ. უკვე დღეს, პატრიარქის განცხადება გავრცელდა, სადაც ის ლაზებს მხარდაჭერას უცხადებს.

კომენტარები