მიანმარი

აშშ როჰინჯა მუსლიმების დასახმარებლად 32 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით მიანმარში მიმდინარე ძალადობის შედეგად დაზარალებული როჰინჯა მუსლიმების დასახმარებლად აშშ 32 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. განცხადების მიხედვით თანხა თავშესაფრების აშენებას, საკვების, სასმელი წყლის და სამედიცინო პრეპარატების მიწოდებას და სანიტაციისა და ჰიგიენის შენარჩუნებას მოხმარდება, რათა შემცირდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები იმ 400,000 ლტოლვილისათვის, რომლებიც ამჟამად უსახლკაროდ არიან დარჩენილები.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიანმარის დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ესაუბრა. ტილერსონმა მიანმარის მთავრობას მოუწოდა ხელი შეუწყონ დაზარელებულებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ტილერსონმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ "აშშ მოუწოდებს ბურმის უსაფრთხოების ძალებს დაასრულონ ძალადობა და ხელი შეუწყონ დიპლომატიური გზით პრობლემის გრძელვადიან გადაჭრას. პრეზიდენტი ტრამპი და მე მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს და გაეროს განახორციელოს ძლიერი და სწრაფი ქმედებები ამ კრიზისის დასასრულებლად."

შეგახსენებთ, რომ რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ეთნიკური ძალადობის შედეგად მიანმარის და ბანგლადეშის საზღვარზე ათასობით როჰინჯა მუსლიმი აფარებს თავს, რის გამოც რეგიონში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისია. ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება პრობლემურია. დღეს ბუდისტი მომიტინგეები დაზარალებული რეგიონისკენ მიმავალ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ ნავებს თავს დაესხნენ. გავრცელდა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, თუმცა მათ შორის წითელი ჯვრის თანამშრომლები არ არიან.

კომენტარები