სასამართლო

ბერაია: ფადი ასლისთვის ჯარიმის დაკისრებით სასამართლომ უცოდინრობა გამოავლინა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლის მოსამართლისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. IDFI-ის იურისტის გიორგი ბერაიას შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ საკუთარი უცოდინრობა გამოავლინა, რადგანაც არგუმენტები, რომლებსაც გადაწყვეტილება ეყრდნობა უსაფუძვლოა. ბერაია საკუთარ facebook-ზე წერს:

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ფადი ასლის მოუგო ცილისწამების დავა, მოპასუხეს დაეკისრა ცნობების უარყოფა და 3000 ლარის გადახდა. ჯერ სრული გადაწყვეტილება არ დევს, მაგრამ პრესრელიზიდან რამდენიმე მარგალიტის იდენტიფიცირება უკევ შეიძლება.

1) პრესრელიზში წერია, რომ "სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არამხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია." ამ არგუმენტაციას რა შეიძლება დაერქავს თუ არა უბრალო უცოდინრობა და უდანაშაულობის პრეზუმფციის არსის გაუგებრობა. უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლაში არის პროცესუალური გარანტია, რომელსაც აქვს აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსი და ფუნქცია მისი დარღვევა შეუძლია მხოლოდ მოსამართლეს ან მაღალი თანამდებობის პირებს, ფადი ასლი არც ერთია და არც მეორე. უფრო ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ეს ბლოგი.

2) სასამართლო ასევე ამბობს, რომ "სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია." ანუ თუ პირი საჯარო სექტორში ამხელს კორუფციას და მის განცხადებაზე გამოძიებას არ დაიწყებს ჩვენი სახელოვანი შსს და პროკურატურა ეს გამოიყენება ისევ ამ პირის წინააღმდეგ, აბა ეჭქვეშ ხომ არ დავაყენებთ ჩვენი პროკურატურის და შსს-ს პროფესიონალიზმს და ობიექტურობასო?!", - წერს ბერაია.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიღო ორი გადაწყვეტილება კომპანიების ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა კომპანიების ერთობლივად 138 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმებას. საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის იმგვარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  

ამ გადაწყვეტილებების გამო კაკაბაძეს ფადი ასლიმ კორუმპირებული უწოდა, რის შემდეგაც კაკაბაძემ ფადი ასლის უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ზიანი 3 000 ლარად შეაფასა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები