საქართველოს პატრიარქი

ხუთშაბათობით, ქვეყნის გადარჩენისა და მთლიანობისათვის, სამებაში ლოცვა ჩატარდება

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს პატრიარქის თქმით, ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ლოცვა ჩატარდება. ილია მეორემ საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობის აუცილებლობის შესახებ დღეს, სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა. 

”მე ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა - ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, დავასუფთავოთ ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო იყოს ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე, ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ, მრევლი შეხვდება ერთმანეთს. 10:00 საათზე წირვა იწყება, 12:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება”, - თქვა პატრიარქმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები