განათლება

სამინისტროსთვის ვაშლების მიწოდების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა

ვაშლების საპილოტე პროგრამისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შპს "კეპკა" მზადაა განათლების სამინისტროს მიაწოდოს 260 000 ვაშლი ჯამში 69 940 ლარად (ერთი ვაშლი 26.9 თეთრი).

ახლა სახელმწიფომ "კეპკას" წინადადება უნდა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი სახელმწიფოს მიერ დაანგარიშებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 9 000 ლარით იაფია. "კეპკა" განათლების სამინისტროს სემერენკოს, გოლდენისა და გრენი სმიტის ჯიშის ვაშლს სთავაზობს.

ვაშლებისთვის დაწესებული მოთხოვნები:

  • თითოული ვაშლი არანაკლებ 150 გრამი
  • ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი
  • უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე
  • პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.
  • სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნვეყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება
  • სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი
  • მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში)

სკოლების ჩამონათვალი სადაც ვაშლები დარიგდება:

  • თბილისის N161 საჯარო სკოლა 
  • თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა
  • თბილისის კლასიკური გიმნაზია 
  • თბილისის №173 საჯარო სკოლა 
  • თბილისის №147 საჯარო სკოლა 
  • თბილისის №180 საჯარო სკოლა
  • თბილის №115 საჯარო სკოლა
  • თბილისის №166 საჯარო სკოლა 
  • თბილისის №182 საჯარო სკოლა

ვაშლების საპილოტე პროექტი დაახლოებით 20 000 მოსწავლეზე ვრცელდება. ქვეყანაში კი 564 000 მოსწავლეა. ყველა მოსწავლისთვის კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგება დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი დაჯდება.

კომენტარები