ლაგუნა ვერე

კალაძის საარჩევნო კლიპში ივანიშვილის ლაგუნა ვერეში წყალი ასხია

0 კომენტარი

კახა კალაძის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესების კონცეფცია არის წარმოდგენილი. ვიდეოში ჩანს, რომ ამომშრალ და დაჭაობებულ ლაგუნა ვერეს საცურაო აუზში წყალი ასხია. 

ლაგუნა ვერე ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 2007 წლიდან ეკუთვნის. 2014 წლის 2 მარტს ივანიშვილის კომპანიამ უსახსრობის მოტივით საცურაო აუზი დაკეტა, მას შემდეგ ლაგუნა ვერე ამორტიზებული და დაჭაობებულია. მის მფლობელს კი ტერიტორიის რეაბილიტაციის შესახებ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. ივანიშვილი ასევე ფლობს ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ ყოფილ აბრეშიმის ქარხანას, ამ ორივე ობიექტის ფართობი 22 000 კვადრატულ მეტრს აღემატება, მათი საბაზრო ღირებულება კი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.

ლაგუნა ვერე დღეს VS კალაძის საარჩევნო კლიპი

როგორ გახდა ივანიშვილი ლაგუნას მფლობელი:

სააქციო საზოგადოება "ლაგუნა ვერე" 1997 წლის 24 აპრილს დაფუძნდა, აუზმა დამოუკიდებლად 10 წლის მანძილზე იარსება. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 18 მაისს ჩატარებულ ლაგუნა ვერეს აქციონერთა კრებაზე გაირკვა, რომ 2006 წლის მანძილზე აუზის ხარჯები მის შემოსავლებს 160 ათასი ლარით აღემატებოდა. სავარაუდოდ ეს გარემოება გახდა რამდენიმე დღეში მისი გაყიდვის მიზეზი.

საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, 2007 წლის 12 ივნისს ლაგუნა ვერეს აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "იუნიონი" გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი ლაგუნა ვერეს მფლობელი. სს "იუნიონის" ოფისი ქართუ ჯგუფის სხვა კომპანიების მსგავსად თბილისში, ჭავჭავაძის 39-ში მდებარეობს, მისი დირექტორი კი ჭიათურის სოფელ იხთვისში რეგისტრირებული როინ მოცრაძეა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, გარიგების დადების დროს "სს იუნიონის" კაპიტალი 204 მილიონ ლარს შეადგენდა, თავად "იუნიონი" კი ამ პერიოდში ქართუ ჯგუფის აქციათა 26%-ის მფლობელი იყო. "იუნიონის" 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძილებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის. იურიდიულად ოფშორულ Ringold Finance Limited-ს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს, რადგანაც ის მის ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებული არაა, თუმცა მას ქართუ ჯგუფის მრავალი კომპანია ეკუთვნის. Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ელიტა ბურჯი“ და ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიწების მფლობელი კომპანია შპს "ჰორიზონტი," ასევე კომპანია შპს "ნიუ სერვისი" და აქციათა 17,73% სადაზღვევო კომპანია "ქართუში".

აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ სს "იუნიონმა" პაკეტის გამსხვილება დაიწყო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 29 ივნისს თბილისში, ქართუ ჯგუფის სათავო ოფისის მეთოთხმეტე სართულზე გაიმართა ლაგუნა ვერეს აქციონერთა რიგგარეშე კრება, რომელსაც ქართუ ჯგუფის ნოტარიუსი ეკატერინე გვანცელაძე ესწრებოდა. მაშინ "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს სააქციო კაპიტალის 88%-ის მფლობელი გახდა. 2007 წლის 19 ივლისს ქართუ ჯგუფის სათავო ოფისში კიდევ ერთი რიგგარეშე კრება ჩატარდა, რომლის შედეგადაც "სს იუნიონი" "ლაგუნა ვერეს" 94%-იანი წილის მფლობელი გახდა. ეს კრებაც ეკატერინე გვანცელაძემ დაამოწმა. კრებაზე ლაგუნა ვერეს საწესდებო კაპიტალი 1.1 მილიონი ლარით გაიზარდა, იქამდე კომპანიის საწესდებო კაპიტალი 0.3 მილიონი ლარი იყო. თანხის ანგარიშისწორება ქართუ ბანკის ანგარიშიდან მოხდა. საბოლოოდ "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს აქციათა თითქმის სრული პაკეტის - 99.89806%-ის მფლობელი 2014 წლის 12 დეკემბერს, აუზის დახურვიდან 8 თვის შემდეგ გახდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

12 საათისთვის ხმა 16.5%-მა მისცა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია

კომენტარები