გვანცა ყუფარაძის საქმე

წულუკიანი: ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო სიღრმეებში არ შესულა

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი ყუფარაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამო სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს. თეა წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გვანცა ყუფარაძის საქმეზე "დეტალებში არ შესულა იმ დეტალების განხილვის მიზნით, რომელიც მაშინდელი მართლმსაჯულების სისტემისა და ციხის სისტემის მიმართ ისმოდა". მინისტრი ამბობს, რომ ეს საკმაოდ მოკლე გადაწყვეტილებაა და მას სხვა გადაწყვეტილებებიც უნახავს, რომლებშიც გაცილებით უფრო დეტალურად არის განხილული პატიმრის, არასრულწლოვნის და მით უმეტეს, გოგონას უფლებები.

„ეს გადაწყვეტილება რეალურად არ შესულა სიღრმეებში იმ დეტალების განხილვის მიზნით, რომელიც არა მხოლოდ დაზარალებულს, მე ასე ვთვლი გვანცა ყუფარაძეს, არამედ მაშინდელი მართლმსაჯულების სისტემისა და ციხის სისტემის მიმართ ისმოდა. ეს საკითხები განხილული არ ყოფილა. სტრასბურგის სასამართლო შემოიფარგლა იმით, რომ თქვა - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმსახურებს გარკვეულ კრიტიკასო, მაგრამ მე არ გახლავართ მეოთხე ინსტანციის სასამართლო იმისათვის, რომ საქმე განვიხილო თავიდანო. ეს არის საკმაოდ მოკლე გადაწყვეტილება. მე რა თქმა უნდა, მინახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც გაცილებით უფრო დეტალურად იხილავს პატიმრის, არასრულწლოვნის და მით უმეტეს, გოგონას უფლებებს. მაგრამ რაც არის, ეს არის. დაველოდოთ მომჩივანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუკი ის გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება მაღალკვალიფიციური ადვოკატი. მე ვერ დავეთანხმები ვერც იმას, რომ თურმე, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, 2007-2008 წლებში ციხეებში რეფორმები ჩატარდა. ჩვენ ვერ დავარქმევთ რეფორმას იმას, რომ UNICEF-ის და ევროკავშირის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად, ჩვენმა წინამორბედმა მთავრობამ გვანცა ყუფარაძე ერთ გარემონტებულ საკანში გადაიყვანა“, - თქვა წულუკიანმა.

14 წლის გვანცა ყუფარაძეს 2007 წელს ბრალი კლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდეს. მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამაც, 2008 წელს კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2009 წლის მარტში ყუფარაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 21 სექტემბერს გამოიტანა და დაადგინა, რომ არც ერთ მუხლში ყუფარაძის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენცია არ დარღვეულა.

კომენტარები