საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა: უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმის გადასინჯვა გადავწყვიტეთ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში პოლიტიკური პარტიების - "XXI-ე საუკუნე - ენა, მამული, სარწმუნოება", "სამართლიანობა“, "იმედი" და "კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტია" წევრების დაკავებას, რაც პროკურატურის შეფასებით, უკანონოდ მოხდა.

2007 წლის 24 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები: მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა დავითაია, გელა არჩუაძე (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა ე.წ პოლიტდევნილად), თეიმურაზ ჟორჟოლიანი, მაია თოფურია, კახაბერ ქანთარია, რამაზ სამნიძე, რევაზ ბულია, გურამ პაპუკაშვილი, გიორგი ახობაძე, გიორგი მეტრეველი, ვარლამ გალდავა, იაკობ კვინიკაძე და ვახტანგ ტალახაძე დამნაშავეებად ცნო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებისთვის.

პროკურატურის განცხადებით, "გასამართლებულ პირთა საჩივრის საფუძველზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება", დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ცნობით, "გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი". პროკურატურის მტკიცებით, ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა გასამართლება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.

"კერძოდ, 2005-2006 წლებში ხსენებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მართავდნენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, სადაც ისინი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ.

პოლიტიკური მოძრაობის და საპროტესტო ტალღის გაძლიერების შემდეგ კუდ-ის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს უკანონო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებმა დააკავეს პოლიტიკური მოძრაობის 13 წევრი, ხოლო ერთ წევრს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება. 

ბრალდების თანახმად, 2006 წლის 4 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირი N24-შიმდებარე პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები, სადაც მათ თითქოს შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამართვას, რომელიც შეიარაღებულ ამბოხში უნდა გადაზრდილიყო. ამ მიზნით, პოლიტიკური პარტია "სამართლიანობის" წევრი კახაბერ ქანთარია თითქოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას.

სინამდვილეში, ჩატარებული ახალი გამოძიებით, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენებით დადგინდა, რომ კახაბერ ქანთარიას საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა თავად მიიტანეს და დააწყვეს სარდაფში; ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა თითქოსდა საიდუმლო თათბირის შესახებ ყალბი ჩვენებები მისცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ წინასწარ მოძიებულმა ცრუ მოწმეებმა, რომელთაც არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ქონდათ და მამხილებელი ჩვენებები, მხოლოდ სამართალდამცავების მუქარის, ზეწოლის და მატერიალური დაპირებების შედეგად მისცეს" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ უწყებამ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა.

"რაც შეეხება საქმის მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებულ სამართალდამცავებს, მათ მიმართ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები