სიტყვის თავისუფლება

რატომ არის ფადი ასლის დაჯარიმების საქმე იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმოგიდგენიათ

ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე
facebook.com/iccgeorgia

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მან ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდა და შექმნა პრეცედენტი, როდესაც საჯარო ხელისუფლების კრიტიკა დასჯადი გახადა. 

საქმის აღწერა

ფადი ასლიმ მოსამართლეს, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს $138 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა კორუმპირებული უწოდა. საქმე იმაშია რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. შემდეგ კი ისინი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  

კომპანიების უსაფუძვლოდ დაჯარიმების გამო ფადი ასლიმ ეჭვი გამოთქვა, რომ მოსამართლე კორუმპირებული იყო, რისი საჯაროდ გაცხადების შემდეგაც ვლადიმერ კაკაბაძემ ასლის უჩივლა. გუშინ კი საქალაქო სასამართლომ ასლის კაკაბაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის გადახდა დაავალდებულა. ასლის შეფასებით ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, რადგანაც ის ეწინააღმდეგება კონსტიცუციით მინიჭებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი:

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს. კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ ფადი ასლის დაჯარიმებით კანონის მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რითიც საჯარო ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს გაუგზავნა სიგნალი, რომ მათი კრიტიკა დასჯადი ხდება.

"ეს პრეცედენტი განგაშის ზარი უნდა იყოს ყველასთვის სამოქალაქო საზოგადოებაში, რამდენადაც დემოკრატიული საზოგადოებრივი დებატის სასამართლოს მეშვეობით ჩახშობის განუზომელ პოტენციალს ქმნის. სასამართლომ არათუ ფეხქვეშ გათელა სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება, არამედ აშკარად თვითნებურად და მცდარად განმარტა სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონი ადგენს სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტს და სამაგალითოა სიტყვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით. სასამართლომ კანონის ნათელი ცნებები და სტანდარტები თავდაყირა ამოატრიალა და მათი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საპირისპიროდ განმარტა, ისე რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა.

პირველი

სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ ყველა ეჭვი რომელიც არსებობს იმაზე გასაჩივრებული გამოხატვა ექცევა აზრის თუ ფაქტის კატეგორიაში უნდა გადაწყვიტოს მისი აზრის კატეგორიაში მოქცევით. სასამართლომ კი ის რაც ცხადად აზრი იყო, ფაქტობრივ მტკიცებად ჩათვალა. საჯარო პირის მიერ, სასამართლოს კრიტიკა საჯარო მნიშვნელობის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიმართ, არ შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივ მტკიცებად. ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური აზრის გამოხატვა, რომელიც კონსტიტუციითა და სიტყვის თავისუფლების კანონით აბსოლუტურადაა დაცული.

მეორე

სასამართლომ მოპასუხის განცხადება მცდარ ფაქტად ჩათვალა აბსურდული დასაბუთებით, რომ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე გამოძიება არ იყო დაწყებული. ამით სასამართლომ ნებისმიერი საჯარო პირის კრიტიკა მის შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით პრაქტიკულად პროკურატურის ნებართვას დაუქვემდებარა. ამით ყველა მედია საშუალებას და სამოქალაქო აქტივისტს სასამართლო უგზავნის სიგნალს, რომ საჯარო მოხელეების შესაძლო კორუფციიისთვის კრიტიკამდე ჯერ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას უნდა დაელოდონ. ეს გაუგონარი ტვირთია, რომლის დაკისრებაც არათუ აზრთან დაკავშირებით, არამედ ფაქტებთან დაკავშირებითაც კი არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ეს არის პრაქტიკულად სახელმწიფოსთვის კრიტიკულ გამოხატვაზე წინასწარი ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება ოფიციალური ცენზურა, რაც მისი აღსრულების შემთხვევაში სხვა საქმეებზე უბრალოდ დაასრულებს სიტყვის თავისუფლებას და აზრს გამოაცლის მას", - ამბობს ზედელაშვილი.

კომენტარები