გვანცა ყუფარაძის საქმე

გვანცა ყუფარაძე: სტრასბურგის სასამართლო გავლენის ქვეშ მოექცა

გვანცა ყუფარაძე

გვანცა ყუფარაძე მის საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმურება და ამბობს, რომ სტრასბურგი გავლენის ქვეშ მოეცა. ყუფარაძის თქმით, ევროპულ სასამართლოს მის საქმეზე სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა საქმე მაინც წააგო. ეს კი, მისი თქმით, სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ალანიას გამო მოხდა. 

"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ეს იქნებოდა უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მე ამ საქმეს ჩემი ცხოვრების ნახევარი მივუძღვენი და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და აბსოლუტური სისულელეა. ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე უფრო მაღალი ინსტიტუცია, შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება და ჰქონდეს ლეგიტიმაცია, არ არსებობს დედამიწის ზურგზე. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ისევე შეიძლება ამ სასამართლოს გავლენის ქვეშ მოქცევა, როგორც მაგალითად ქართული სასამართლოს დაქვემდებარება. 

სანდო წყაროსგან მქონდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში მყოფ ნონა წოწორიასა და ძველი რეჟიმის წარმომადგენლებს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირი. მაფრთხილებდნენ, რომ წოწორიასა და თამარ ალანიას შორის არსებობოდა კავშირები და ამიტომ იბრძოდა ალანია ასე ჯიუტად საქართველოში შესარჩევ ეტაპზე გასვლისათვის, რადგან თუ ამას მოახერხებდა, მას ჰქონდა გარანტია, რომ სტრასბურგში აირჩევდნენ", - ამბობს ყუფარაძე.

14 წლის გვანცა ყუფარაძეს 2007 წელს ბრალი კლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდეს. მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამაც, 2008 წელს კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თამარ ალანია წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარსადგენ კონკურსში მონაწილეობდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ გასაუბრებაზე თეა წულუკიანმა ის მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ მისი "გადაწყვეტილების გამო ყუფარაძემ საქმე კი არა, ლამის სიცოცხლე წააგო". 

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი, რომელშიც გვანცა ყუფარაძე მის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა, 2009 წლის მარტში შევიდა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა და დაადგინა, რომ არც ერთ მუხლში ყუფარაძის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენცია არ დარღვეულა.

კომენტარები