ქეთევან დედოფალი

საპატრიარქო: საქართველოს ვულოცავთ ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილის შემობრძანებას

საპატრიარქო

დღეს, 23 სექტემბერს, 19:00-ზე, საქართველოში ქეთევან დედოფლის ნაწილებს ჩამოიტანენ. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო მრევლს მიმართავს.

"საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილს, წირვაზე, 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადააბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.

ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქეთევან წამებულის ნაწილების საქართველოში ექვსი თვით ჩამოტანას ქვეყნის ბიუჯეტი 343 000 ლარით აფინანსებს. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, "ნეშტი მთელ საქართველოში იმოგზაურებს".

კომენტარები