მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

ომბუდსმენი: გაუქმდეს ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

სახალხო დამცველი ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს, ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება გააუქმოს და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოება განაახლოს. 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ იყო, ეს კი, თავის მხრივ, მისი ბათილად ცნობის საფუძველია. ომბუდსმენი ამბობს, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან: მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ცოტა ხნის წინ კი პატიმრობის ვადა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა კიდევ 3 თვით გაუგრძელა. ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. 

ჩაბუქის ოჯახი ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვდა, თუმცა უწყებამ 7 ივლისს მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თურქეთის ციხეში პოზიტიური ცვლილებებია, ჩაბუქი ჩაბუქი ევროპული სტანდარტების ციხეში მოთავსდება და წამებას არ დაექვემდებარება. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. 

კომენტარები