საბავშვო ბაღები

თორდინავა: სავარაუდოდ, აღმზრდელების და პერსონალის უყურადღებობის თემაა

ტაბულა

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ 206-ე ბაღის ფანჯრიდან ბავშვი პერსონალის უყურადღებობის გამო გადმოვარდა.

"ჩვენი აღსაზრდელი გადმოხტა მეორე სართულიდან. მონიტორინგის სამსახური რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე და ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ ფაქტს. სავარაუდოდ, აღმზრდელების და თვითონ პერსონალის უყურადღებობის თემა არის, თუმცა არ მინდა მოვლენებს გავასწრო. დღის ბოლოსთვის გვექნება მონიტორინგი დასკვნა და მივიღებთ შესაბამის ზომებს. ყველანაირი ნორმა დაცული იყო საბავშვო ბაღში, თუმცა მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს უყურადღებობის თემაა", - აცხადებს თორდინავა.

თბილისის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს, 25 სექტემბერს გადმოვარდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმები აქვს. სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.

ბაღის დირექტორის განცხადებით, აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა".

"ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგერ ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ და მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა", - ამბობს გოგოლაძე რუსთავი 2-თან.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა ტაბულასთან ამბობს, რომ ბავშვის გადმოვარდნის, ასევე დირექტორის განხადებასთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება იქნება.

თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ბავშვის ფანჯრიდან გადმოვარდნის დროს სასწავლო პროცესს ზედამხედველობდნენ.

კომენტარები