საკონსტიტუციო ცვლილებები

პრემიერი: ტყუილია, რომ ახალი კონსტიტუცია ერთი პარტიის დოკუმენტია

0 კომენტარი
ფოტო: twitter.com

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ახალი კონსტიტუცია არის "ერთი პარტიის დოკუმენტი". პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს ასე "სავსებით არ არის". მისი მტკიცებით, დოკუმენტი, რომელსაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობა მესამე მოსმენით მიიღებს, "უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვების და ჩართულობის შედეგად შემუშავდა".

"სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც ასე არ არის, რადგან ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი პროცესი თავისთავად იყო ნამდვილად უპრეცედენტო, იმიტომ რომ ჩვენ პირადად მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, კონსტიტუციების ისე მიღებას, როდესაც საერთოდ ასეთი განხილვების მსგავსიც კი არაფერი ყოფილა.

ჩვენს მიერ მიღებული დოკუმენტი, ვენეციის კომისიის სიტყვასიტყვით შეფასებულია ასე - დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს".

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით მისაღებად დღეს, 14:01-ზე შეიკრიბება. მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი თქვა, მმართველი გუნდი საკუთარი ინიციატივით სხდომას მაინც გამართავს. საპარლამენტო უმცირესობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

ოპოზიცია და პრეზიდენტი ხელისუფლებას ერთპარტიული დოკუმენტის მიღებაში ადანაშაულებს. დღეს, ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, "ეს აშკარად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს მინიმუმ ოთხ საპარლამენტო პარტიას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები