ტრანსპორტი

საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

Getty Images

2017 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს პორტები და საზღვაო ტერმინალები 9.6 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურენ, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ბათუმის პორტსა და სუფსის საზღვაო ტერმინალში ტვირთბრუნვა შემცირებულია, ფოთის და ყულევის ტერმინალებში კი ნაკადის ზრდაა, თუმცა ეს ზრდა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის რომ წელს ქვეყანაში საზღვაო ტვირთბრუნვის ზრდა ყოფილიყო.

პორტების მიხედვით გადამუშავებული ტვირთების მოცულობა ასე გამოიყურება:

  • ბათუმის პორტი - 2.5 მილიონი ტონა, 20%-იანი შემცირება
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 2.4 მილიონი ტონა, 4%-იანი შემცირება
  • ფოთის პორტი - 3.7 მილიონი ტონა, 8%-იანი ზრდა
  • ყულევის ტერმინალი - 1 მილიონი ტონა 10%-იანი ზრდა

ამავდროულად 9%-ით არის შემცირებული რკინიგზის ტვირთბრუნვაც. 

რკინიგზისგან განსხვავებით წელს გაზრდილია საავტომობილო ტრანსპორტით (ტრაილერებით) გადაზიდული ტვირთის მოცულობა და ის 15.3 მილიონ ტონას შეადგენს. ეს ამავე პერიოდში რკინიგზის გადაზიდვებს 2.4-ჯერ აღემატება.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ 2018 წელს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

კომენტარები