საკონსტიტუციო ცვლილებები

ბესელია მოქმედ კონსტიტუციაზე: მისი თავი არის სააკაშვილი, ტანი არის კოლექტიური ენმ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკა მიუღებელია, იურიდიული კომიტეტის ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკამ განაპირობა. 

"რამ განაპირობა კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობა, ყველაზე კარგად იცის იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ისე იძალადა ქვეყნის ძირითად კანონზე, როგორც ძალადობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი პირადი ინტერესები და ამის გამო არც ადამიანი და არც მისი უფლებები არაფრად არ მიაჩნდათ. სახელი ქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც დღეს ჩვენ ვცვლით, ეს არის თავის სახით, თავი ადგას მიხეილ სააკაშვილის და ტანი არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ეს არის დღეს კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისების შექმნა შეუძლია, რომელიც ნებისმიერ დროს ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში არის უსერიოზულესი ინსტრუმენტი ამოაყირავოს ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს. ყველაზე სამარცხვინო გამოხატულება ამისი საგარეო ძალიან სამარცხვინო კრიზისის იყო ის, ვინ სად წავიდოდა, რა ფორმატში და მოაწერდა ხელს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. დღეს ამ ცვლილებებს როდესაც ვადარებთ, რა პროცესი უძღოდა წინ და მე მახსოვს 53 შენიშვნა და ცვლილება შეტანილი კონსტიტუციაში, რომელსაც ის პოლიტიკური ძალა ახორციელებდა, რომელიც ახლა გველაპარაკება კონსტიტუციაზე ძალადობაზე, რომელიც ისე ცვლიდა კონსტიტუციას, რომ არც არავის ელაპარაკებოდა, ვენეციის კომისიას მასხრად იგდებდა, მერე იმ დროის პრეზიდენტი მესიჯებს გვიკითხავდა პირდაპირ ეთერში, როგორ ოხუნჯობდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, მერე ვენეციის კომისიას შეცვლილ დოკუმენტს უგზავნიდნენ, არა იმას, რაც იყო მიღებული, არამედ იმას, რაც თვითონ უნდოდათ, რომ მიეღოთ და კარს ჩაკეტავდნენ და არავის შიგნით არ უშვებდნენ, არა თუ საერთო სახალხო განხილვას. და ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს კონსტიტუციაზე ძალადობაზე. დღეს ამ ცვლილებებს აქვს ერთი სახელი, ეს არის ცვლილებები, რომელიც არ ემსახურება მმართველ ძალას", - თქვა ეკა ბესელიამ. 

ბესელიამ ამით ევროპული საქართველოს წევრებს უპასუხა, რომლებმაც სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. 

ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც მხოლოდ მმართველი გუნდისთვის არის მისაღები, სხვა პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ეწინააღმდეგებიან, პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს განიხილავს. 

კომენტარები