გიგი უგულავა: ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის შეცდომები, რაც დაგვიშვია

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ, ტელეკომპანია იმედის ეთერში, "ევროპული საქართველოს" ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა.

"ევროპული საქართველო არის ძალა, რომელიც ფოკუსირებულია მომავალზე. ჩვენ გვინდა გავარღვიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვწრიალებთ ერთ წრეზე, საქართველო დაემსგავსა ციყვს, რომელიც ატრიალებს ერთ ბორბალს და ვირტუალურად წარმოგვიდგენია თითქოს მივდივართ წინ. სინამდვილეში, გვაქვს სტაგნაცია ეკონომიკაში, გვაქვს პოლიტიკური პრობლემები, დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით იყო კულმინაცია, როდესაც მოსახლეობას, მთელ სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას და თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ეს აინტერესებს თავზე გადაახია უმრავლესობამ კონსტიტუცია. ამიტომ ევროპული საქართველო არის პარტია, რომელიც ერთის მხრივ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ არჩევნების გზით იბრძვის სიტუაციის შესაცვლელად."- თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა. 

გიგი უგულავამ საკუთარი და თანაგუნდელების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. 

"ჩვენ ამ არჩევნებში გამოვდივართ პირველად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ისევე როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის. ჩვენ ასევე კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის მიღწევები, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის პრობლემები და შეცდომები, რაც ჩვენ დაგვიშვია, მაგრამ მთავარი ის არის რომ ჩვენ მივდივართ წინ. ჩვენ არ გვინდა დავემსგავსოთ ოცნებას, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ბოღმით მართავს ქვეყანას. უკვე მეხუთე წელიწადია ქართული ოცნება წარსულის ქიმერებით მართავს ქვეყანას. ჩვენ უნდა გამოვიდეთ წარსულიდან, ვიაროთ წინ, ხალხს მივცეთ პერსპექტივის განცდა და ეს შურისძიებაზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩავაბაროთ წარსულს. "- განაცხადა უგულავამ.

კომენტარები