არასათანადო მოპყრობა

ბრალდებულის ცემა და გაუპატიურების მუქარა - ომბუდსმენი გამოძიებას ითხოვს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, 22 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებული დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადეს: თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე პარკი ჩამოაცვეს და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. სახალხო დამცველის ცნობით, ბრალდებული ამტკიცებს, პოლიციელი თავის არეში ფეხსაცმელებით ურტყამდა. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა.

უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ ბრალდებულს გარეგანი დაზიანებებიც აღენიშნება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეფექტიანად აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ასევე, დანიშნოს და ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების იდენტიფიცირების, მათი წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენის მიზნით.

კომენტარები