აფხაზეთის ოკუპაცია

მარშანია: რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, მოსკოვში ვიზიტი მაინც გამართლებულია

რუსთავი 2

პატრიოტთა ალიანსის წევრის, ადა მარშანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობდა და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა, მოსკოვში მათი ვიზიტი მაინც გამართლებულია, ვინაიდან დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"გამართლებულია ყველანაირი მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. თუმცა, ჯერ მინდა ვთქვა, ის რომ ცხადია, საუბედუროდ, 27 სექტემბერი არის უდიდესი ტრაგედიის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის გრძელდება, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, პირიქით, ამ 24 წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ რეგრესი გვაქვს. უნდა გავიაზროთ ის, რომ მიდგომებია შესაცვლელი და ახალი პოლიტიკაა გასააზრებელი. უგუნურობის პოლიტიკა გრძელდება და ამიტომ ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიზიტი როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, ბრიუსელში, ტოკიოში და ყველგან აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და აქ არაფერი უჩვეულო არ არის. რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა ყველანაირად, დიახ, ეს ასეა და ეს ყველაფერი ჩვენ თავზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი სახლები დაიწვა, მოგვიკლეს ნათესავები და ამავდროულად, არავითარი ძვრა არ არის. იმისთვის რომ რაღაც გამოვიდეს, არ უნდა წავიდეთ? და ვიყოთ ისე როგორც 24 წელია ვართ? არაფერი იცვლება და ამას ახალი ტრაგედიები ემატება", - თქვა ადა მარშანიამ.

პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრას ოქტომბერში გეგმავენ. მოსკოვში ანალოგიური შეხვედრა მათ რამდენიმე თვის წინაც გამართეს. მაშინ ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს დეპუტატებს რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის შექმნა შესთავაზეს. გარდა ამისა, ისაუბრეს რუსეთთან ვიზების გამარტივებასა და სხვა საკითხებზე.

კომენტარები