საქართველოს ეკონომიკა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველომ 8 ადგილი დაკარგა

columbia.edu

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს რომ საქართველო წინა წელთან შედარებით 8 ადგილით ჩამოქვეითდა. 

2016-2017 წლის ინდექსში საქართველო 59-ე, 2015-2016 წლის ინდექსში კი 66-ე ადგილს იკავებდა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა უცვლელია წელსაც 4.3-ია, თუმცა ადგილების დაკარგვა უკავშირდება იმას, რომ სხვა ქვეყნებმა გატარებული რეფორმების შედეგად ადგილის გაუმჯობესება შეძლეს. საქართველოში კი აღნიშნულ პერიოდში პრაქტიკულად არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა, რიგი მიმართულებით კი პოზიციების გაუარესება შეიმჩნევა, მაგალითად ახალ ინდექსში საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით 87-ე ადგილზეა, წინა ინდექსში კი ის 63-ე ადგილს იკავებდა.

წლების მიხედვით საქართველოს პოზიცია ასე იცვლებოდა:

  • 2016–2017 წლის ინდექსი ........................... 59 ადგილი ..... 4.3 ქულა
  • 2014–2015 წლის ინდექსი ........................... 69 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2013–2014 წლის ინდექსი ........................... 72 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2012–2013 წლის ინდექსი ........................... 77 ადგილი ......4.1 ქულა

ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციების მიმართულებით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის რეიტინგში 118-ე ადგილზე იმყოფება (შარშან 116-ზე იყო). დაბალი ინოვაციების დონე კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა მცირე რაოდენობას უკავშირდება. ინოვაციების მიმართულებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 2.8 არის.

ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება:

  • საკუთრების უფლებები - 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა - 87-ე ადგილი, გაუარესება 24 ადგილით
  • ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში - 57-ე ადგილი, გაუარესება 12 ადგილით
  • მთავრობის გამჭვირვალობა - 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
  • გადასახადების დონე - 8-ე ადგილი, გაუმჯობესება 1 ადგილით
  • დაბალანსებული ბიუჯეტი - 40-ე ადგილი, გაუარესება 16 ადგილით
  • ინფლაცია - 1 ადგილი, გაუმჯობესება 79 ადგილით
  • მთავრობის ვალი - 59-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
  • ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი - 81-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით
  • დაწყებითი განათლების ხარისხი - 106-ე ადგილი, გაუარესება 13 ადგილით
  • სკოლების ინტერნეტიზაცია - 68-ე ადგილი, გაუმჯობესება 5 ადგილით
  • სამუშაო ძალის კვალიფიკაცია -125-ე ადგილი, უცვლელია
  • ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა 112-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით

World Economic Forum-ის მონაცემებით, 137 ქვეყნიდან ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს შვეიცარიას, აშშ-ს, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გერმანიას, ჰონკონგს და შვედეთს. ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია იემენი, მოზამბიკი, ჩადი და ლიბერია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ინსიტუტების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა.

კომენტარები