კანიბალიზმი

რუს წყვილს 30 ადამიანის მკვლელობასა და შეჭმაში ადანაშაულებენ

კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ რუს წყვილს სასამართლო 30 ადამიანის მკვლელობასა და შეჭმაში ადანაშაულებს. 

35 წლის დიმიტრი ბაკშეევი და 42 წლის ნატალია მას შემდეგ დააკავეს, რაც მობილურში დანაწევრებული სხეულების ფოტოები უპოვეს. 

მობილური, რომელშიც იპოვეს ფოტოები, სადაც მამაკაცი დანაკუწებულ ქალის სხეულთან ერთად პოზირებს, კრასნოდარის ქუჩებში სექტემბრის დასაწყისში იპოვეს. 

RIA-ს ინფორმაციით, იმავე ქალის ნაწილები სამხედრო აკადემიაში იპოვეს, სადაც ბაკშეევი და მისი ცოლი მუშაობდნენ. აღნიშნული აკადემია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია.

თავდაპირველად ბაკშეევი არ აღიარებდა ქალის მკვლელობას და ამტკიცებდა, რომ ქალის სხეულის ნაწილები შემთხვევით იპოვა და მობილურის დაკარგვამდე გადაიღო მათთან ფოტო, მაგრამ საბოლოოდ, აღიარა, რომ მკვლელობა 2012 წელს ჩაიდინა.

Daily Mail-ის ცნობით, ბაკშეევის ცოლმა აღიარა, რომ 1999 წლიდან მოყოლებული 30 ადამიანი მოკლეს. 

წყვილი თავიანთ მსხვერპლებს დამამშვიდებელი წვეთების კორვალოლის საშუალებით აბრუებდა, სანამ მოკლავდა. მათ სახლში კი, კორვალოლის სუნი იგრძნობოდა. 

კრასნოდარის მხარის ადგილობრივმა პოლიციამ მათ სახლში ადამიანის სხეულის 8 გაყინული ნაწილი და 19 გადამძვრალი კანი აღმოაჩინა. ამასთან მალულ ადგილას შენახული ვიდეო, სახელით "ვიდეო გაკვეთილები კანიბალებისთვის" და ფოტოები. 

Livekuban.ru-ს ინფორმაციით, ერთერთი ფოტო 1999 წლის 29 დეკემბრითაა დათარიღებული და მასზე აღბეჭდილია, რომ ადამიანის თავი "საშობაო ვახშმადაა" მომზადებული. 

RIA-ს ფარულმა წყარომ უთხრა, რომ "სამართალდამცველებმა სახლში აღმოაჩინეს შუშის ქილა, რომელშიც ადამიანის ხელი იყო დაკონსერვებული".

აკადემიის ერთერთმა თანამშრომელმა კი რუსულ მედიას შემდეგი რამ მოუყვა:

"რამდენჯერაც მათ ოთახში მოგვინდებოდა შესვლა, ისინი ყვირილსა და ტირილს იწყებდნენ. ნატალია სკანდალების მოყვარული ქალია, აგრესიული, ამიტომაც, არ გაგვირისკავს".

კომენტარები