მეწყერი

ქობულეთის 5 სოფელში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა

აჭარის ტელევიზია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად 5 სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაიმეწყრა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაც, რის გამოც რამდენიმე წუთით მოძრაობა შეზღუდული იყო. 

ქობულეთის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ წუხანდელი სტიქიის შედეგად 6 ოჯახი დაზარალდა, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. 

"წუხელ ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. საგზაო დეპარტამენტი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროისათვის გზა გახსნილია. მეწყერული პროცესები სოფელ ქაქუთსა და გოგმაჩაურში დაფიქსირდა, დილიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. სოფელ ლეღვაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, სალუქვაძის ოჯახი იძულებული გახდა, თავი მეზობელთან შეეფარებინათ. სტიქიის გამო სოფელ წყავროკაში, გეოლოგები დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლიან. ამავე სოფელში დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. ძლიერი წვიმის გამო, ცეცხლაური-ჯიხანჯურის გზა ჩაიკეტა. წუხანდელი სტიქიის შედეგად ქობულეთში ექვსი ოჯახი დაზარალდა, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა",- ამბობს მალხაზ რომანაძე ინტერპრესნიუსთან. 

აჭარის ტელევიზიის ცნობით, პრობლემებია ქობულეთის შიდა სასოფლო გზებზე, სადაც რამდენიმე მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილია. ასევე, ციხისძირს, ბუკნარს, ლეღვასა და ხუცუბანს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. 

კომენტარები