საკონსტიტუციო ცვლილებები

მმართველ გუნდს პრეზიდენტთან შეხვედრა მხოლოდ უმრავლესობის ფორმატში სურს

პარლამენტი

ირაკლი კობახიძე, საჭიროების შემთხვევაში მზად არის პრეზიდენტს თავადაც შეხვდეს, თუ შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული იქნება. თუმცა, მმართველ გუნდს გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების გამართვა მხოლოდ უმრავლესობის ფორმატში, ოპოზიციური პარტიების გარეშე სურს. 

"ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება ორი საკითხს, ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე, ბლოკებად ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან  მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

საუბარია უმრავლესობა - პრეზიდენტის შეხვედრაზე. საერთო შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. ზოგადად კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოამზადეთ რაღაც დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე.წ 20-მა პარტიამ. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს". 

მისივე თქმით, პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. 

"ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული სტრუქტურა, ფორმალიზებული პროცედურები. უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი და შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის მხრიდან შეხვედრა პრეზიდენტთან",- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

უმრავლესობას პრეზიდენტთან შეხვედრა და კონსულტაციები ვეტოს საკითხთან დაკავშირებით სურს - მმართველმა გუნდმა გუშინ მარგველაშვილს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

კობახიძის შეთავაზებას გუშინვე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და შექმნილ ვითარებას "არასერიოზული და წარმოუდგენელი" უწოდა. 

კომენტარები