ემირ კუსტურიცა

კუსტურიცა, რომელიც 2009 წელს ცხინვალს სტუმრობდა, თბილისში კონცერტს გამართავს

ИА Осинформ

სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი, ემირ კუსტურიცა როკ ჯგუფთან, The No Smoking Orchestra-სთან ერთად 8 დეკემბერს თბილისში კონცერტს გამართავს. ბილეთები ონლაინ უკვე იყიდება. კონცერტს, რომელიც სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, ორგანიზებას არტ მედია ჯგუფი უწევს. 

"ქართულ საზოგადოებას სერბი შემოქმედით დაინტერესების კიდევ ერთი, სკანდალური მიზეზი გაუჩნდა: ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მის დნმ-ში იბერიული გენიც აღმოჩნდა!", - ნათქვამია საიტზე, რომლის საშუალებითაც კუსტურიცას კონცერტის ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ კუსტურიცა 2009 წელს ფილმისთვის მასალების შესაგროვებლად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა. მაშინ მას სეპარატისტული რეგიონის მედიაში მაშინდელი ფოტოებიც მოიპოვება. მაშინ ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას გეგმავდა, რაზეც მოგვიანებით უარი თქვა. 


ფოტო: ИА Осинформ

საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა სხვა საშუალებით შესვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. თუმცა, შსს-მ საქართველოში მაისში, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტისას განმარტა, ოკუპაციის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. კუსტურიცა კი ცხინვალში 8 წლის წინ იყო.

კომენტარები