მარკ ზაკერბერგი

ტრამპის საყვედური ზაკერბერგს: ფეისბუქი ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ იყო

CNN Money

ფეისბუქი ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგ იყო - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიის და ჰოლივუდის მსახიობების შემდეგ ფეისბუქიც გააკრიტიკა. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ფეისბუქი, ნიუ იორკ თაიმსი და ვაშინგტონ პოსტი მის წინააღმდეგ თანამშრომლობენ

"მაგრამ ხალხი ტრამპის მხარეს იყო. პრაქტიკულად არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღწევია იმისთვის, რასაც ჩვენ ამ 9 თვეში მივაღწიეთ", - დაწერა ტრამპმა.  

აშშ-ის პრეზიდენტს მარკ ზაკერბერგი მალევე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფეისბუქი ყველა ადამიანს აძლევს პლატფორმას, თავისი ხმა და იდეები გაავრცელოს. 

"მე ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ ადამიანები გავაერთიანო და შევქმნა საზოგადოება ყველასთვის.

ტრამპმა თქვა, რომ ფეისბუქი მის წინააღმდეგაა. ლიბერალები კი ამბობენ, რომ ჩვენ დავეხმარეთ მას. ორივე მხარე გაბრაზებულია იდეისა და შინაარსის გამო, რომელიც მათთვის მიუღებელია. 

ფაქტები მიუთითებენ, რომ ფეისბუქმა ითამაშა დიდი როლი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. იმაზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი აზრი ამ არჩევნებში, ვიდრე ოდესმე აქამდე. იყო მილიარდობით ინტერაქცია და ისეთი საკითხების განხილვა, რასაც იქამდე ონლაინ სივრცის მიღმა არასდროს განიხილავდნენ. ფეისბუქზე ყველა საკითხზე მსჯელობდნენ, არა მხოლოდ იმაზე, რასაც მედია აშუქებდა.

ეს იყო პირველი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ინტერნეტს კანდიდატები პირდაპირი კონტაქტისთვის იყენებდნენ. ყველა კანდიდატს აქვს ფეისბუქის გვერდი და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ეკონტაქტება. 

საარჩევნო კამპანიების დროს კანდიდატებმა ონლაინ რეკლამებისა და თავიანთი მესიჯების გავრცელებისთვის მილიონობით დოლარი დახარჯეს. 

არჩევნების შემდეგ მე ვთქვი, რომ დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეისბუქმა არჩევნების შედეგები შეცვალა, სიგიჟე იყო. ეს ჩემი მხრიდან უპატივცემულობა იყო და ვნანობ, რომ ასე ვთქვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ უპატივცემულობა გამოიხატოს. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებისთვის პირდაპირ კომუნიკაციის საშუალების მიცემა მილიონობით ადამიანს დაეხმარა ხმის მიცემასა და გადაწყვეტილების მიღებაში. 

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა შევქმნათ სივრცე ყველა ადამიანისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს წილს, რათა დავიცვათ თავი სხვა სახელმწიფოების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებასა და არჩევნების გაყალბების მცდელობაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა შევძლოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დამკვიდრება მთელ მსოფლიოში და ჩვენი მომხმარებლების დარწმუნება იმაში, რომ ეს არის პლატფორმა ყველა იდეისთვის და ძალა დემოკრატიისთვის", - წერს მარკ ზაკერბერგი. 

კომენტარები