დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. მისი ადვოკატის თქმით, მიზეზი სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვაა - მამა გიორგი შვილისთვის დაბადების დღის მილოცვას ცდილობდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, მამა გიორგიზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. 

„ციხეში პატიმრებს ხომ აქვთ დარეკვის უფლება. დღეს არის მისი შვილის დაბადების დღე და უნდოდა დარეკვა. ვითომ არეკინებდნენ, მაგრამ საუბარი ხარვეზების გამო ვერ შეძლო. თანამშრომლებმა მას უთხრეს, წვიმის გამო ვერ იჭერსო. 4 სხვადასხვა ნომერზე გადარეკა და აბსოლუტურად იგივე განმეორდა, ისევ შიშინი ისმოდა. ჩემთან მოახერხა დარეკვა და მეც ძლივს ველაპარაკე, ხმა ცუდად ისმოდა. ამის გამო შეწყვიტა საკვებისა და მედიკამენტების მიღება. შემოიტანეს ოქმები, სადაც წერია, რომ უარს აცხადებს საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე, თუმცა არ არის მითითებული საფუძველი. მოვთხოვე დოკუმენტის გასწორება და საფუძვლის დამატება, თუმცა წაიღეს ოქმები და კანცელარიაში გაატარეს, თითქოს ხელი არ მოაწერა მამა გიორგიმ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც ციხის თანამშრომლები ცდილობენ, მამა გიორგიზე მოახდინონ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, როცა ბავშვის დაბადების დღეზე არ აძლევ ადამიანს საშუალებას დარეკვის. რომ კითხო, ყველაფერი გამართულად მუშაობს და რაღა მაინცდამაინც დღეს დაიბლოკა და დაიხშო ყველაფერი? ზოგადად მამა გიორგის პირობები ძალიან გაუსაძლისია. მას საკანში ელემენტარული პირობებიც არ აქვს. საშინელი სუნია კანალიზაციის, საკვებთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნიან და ა.შ“, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

კომენტარები