ეკონომიკური ზრდა

რატომ გასცა პრემიერმა 7%-იანი ზრდის დაპირება, როცა მთავრობა 6%-ზე მაღალ ზრდას არ ელოდება

ტაბულა

"ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7%-იანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა", - 22 სექტემბერს გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით კი მთავრობა მომდევნო წლებისთვის 6%-ზე მაღალ ზრდას არ ელოდება.

მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018-2021 წლებისთვის:

  • 2018 - 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა
  • 2019 - 6%-იანი ეკონომიკური ზრდა
  • 2020 - 6%-იანი ეკონომიკური ზრდა
  • 2021 - 6%-იანი ეკონომიკური ზრდა

ეს დოკუმენტი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მთავრობა მომდევნო წლებში 7%-იანი ეკონომიკური ზრდის დაპირებას რეალისტურად არ მიიჩნევს. რის გამოც ეს მაჩვენებელი 6%-იანი ნიშნულით არის ჩანაცვლებული. 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე 7%-ზე ბევრად უფრო დაბალია. მეტიც, სავალუტო ფონდმა (IMF) და მსოფლიო ბანკმა 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-იდან 3.5%-მდე შეამცირეს, გრძელვადიანი ზრდის პროგნოზი კი 5.5%-ს არ აღემატება.

სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის მომდევნო წლების ეკონომიკური პროგნოზი ასე გამოიყურება:

  • 2017 - 3.5%
  • 2018 - 4%
  • 2019 - 4.5%
  • 2020 - 5%
  • 2021 - 5.5%
  • 2022 - 5.5%

რაც შეეხება 2017 წლის ზრდას, საქსტატს ამ დროისთვის მხოლოდ პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდა აქვს დათვლილი. საქსტატის მონაცემებით წელს ზრდა 4.7%-ს შეადგენს, ეს კი მთავრობის მიერ ბიუჯეტით განსაზღვრულ საპროგნოზო 4%-იან ზრდას 0.7%-ით აღემატება.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.9% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები