ავსტრია

ვენაში ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა გააპროტესტეს

Euronews

ავსტრიის დედაქალაქში მუსლიმმა მოქალაქეებმა ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა გააპროტესტეს. კანონით, რომელიც ქვეყანამ გუშინ მიიღო, მუსლიმურ თავსაბურავებთან ერთად აიკრძალა სამედიცინო და ჯამბაზის ნიღბები და რესპირატორები. თუმცა მათი გამოყენება სამედიცინო დანიშნულებით, სამუშაოს დროსა და კარნავალზე დასაშვებია. აკრძალვა არ ვრცელდება ჰიჯაბზე, ვინაიდან ჰიჯაბით სახე არ იფარება. 

ავსტრიაში გამართული აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონი "არა მხოლოდ საშინელია, არამედ არაკონსტიტუციურიც".

ავსტრიის პოლიციის სპიკერის განცხადებით, აკრძალვების შესახებ ვიზიტორებს აეროპორტშივე ეცნობებათ, ხოლო თუ კანონს არ დაემორჩილებიან, შესაძლოა საზღვრიდან მიაბრუნონ. 

ანალოგიური აკრძალვები უკვე მოქმედებს საფრანგეთსა და ბელგიაში, ნიდერლანდებში კი მასზე მუშაობა მიმდინარეობს. 

ავსტრიული კანონის ინიციატორი ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერი, სებასტიან კურცია. ანალიტიკოსები კანონის მიღებას აფასებენ, როგორც მცდელობას, მიიმხრონ უკიდურესი მემარჯვენე იდეოლოგიის მომხრე პარტიის, "ანტი ისლამური თავისუფლების პარტიის" ამომრჩევლები 15 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

კომენტარები