აუდიტის სამსახური

NGO-ები: მექვაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს

Isfed

არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალური აუდიტორის ორი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურებიან და პოლიტიკური მოტივაციის ალბათობაზე საუბრობენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს 10 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან დამოუკიდებლობა. 

"ახალ გენერალურ აუდიტორს, ბუნებრივია, აქვს უფლებამოსილება, რომ მისთვის სასურველი მოადგილეები დანიშნოს, თუმცა ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ. გათავისუფლებულ მოადგილეებს შორის არის ნინო ლომჯარია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კადრი მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით.

ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედევლობდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი", - ნათქვამია განცხადებაში. 

მას ხელს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია აწერენ. 

აუდიტის სამსახურის უფროსის 3 მოადგილიდან 2, ნინო ლომჯარიას და დევი ვეფხვაძის უწყებიდან გათვისუფლების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. თანამდებობა შეინარჩუნა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქართუ ბანკს ედგა სათავეში, შემდეგ კი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები