არჩევნები 2017

ცემა, მუქარა, საბიუჯეტო რესურსის გამოყენება - უწყებათაშორისი კომისიის ანგარიში

flickr.com

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ სამი თვის განმავლობაში 43 განცხადება მიიღო, აქედან გამოძიება დაიწყო 11 სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორისაა მუქარა, ძალადობა, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ანგარიშში მოხვდა 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტში ენმ-ის მხარდამჭერზე და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბეგლარ კაპანაძის საქმეში პოლიტიკური მოტივი ვერ დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებს შორის იყო  "ქართული ოცნების" დეპუტატის ბიუროს უფროსიც.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივლისს ოჯახის წევრები - ნოდარ, ბეგლარ, ზურაბ და თეიმურაზ კაპანაძეები ავტომანქანებით შეჩერდნენ ურაველის ხეობაში არსებულ წყალსაცავთან, რა დროსაც ამავე ადგილზე, ასევე, ავტომანქანებით შეჩერდნენ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტი ნოდარ კურტანიძე, ახალციხის მერიის დასუფთავების სამასახურის უფროსი გიორგი ლონდარიძე და ახალციხის მერიის წარმომადგენელი რაბათის უბანში დავით სამსონიძე, "ქართული ოცნების" აქტივისტი გრიგოლ რუხაძე, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის წევრ გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსი ზაზა გელაძე. ზაზა გელაძე, გრიგოლ რუხაძე და ნოდარ კურტანიძე მიესალმნენ ბეგლარ კაპანაძეს, რის შემდეგაც მალევე ჩასხდნენ ავტომანქანებში და წავიდნენ სოფელ ურაველის მიმართულებით. ნოდარ, ბეგლარ, ზურაბ და თეიმურაზ კაპანაძეები ავტომანქანებით შეჩერდნენ ურაველის ე.წ. წითელ კლდეებთან, სადაც გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანებით გაჩერებული იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები, ისე, რომ მანქანების გავლა შეუძლებელი იყო. ბეგლარ კაპანაძე იძულებული შეიქნა, ავტომანქანა შეეჩერებინა. ნოდარ კურტანიძე და გრიგოლ რუხაძე მიუახლოვდნენ ბეგლარ კაპანაძეს და მოსთხოვეს მანქანის ძრავის გამორთვა, შეაგინეს და შეეცადნენ, მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოეყვანათ იგი. ბეგლარ კაპანაძემ გიგი რუხაძისა და ნოდარ კურტანიძის მიმართულებით მოიქნია რკინის ძალაყინი, რომელიც წაართვეს და ზემოაღნიშნულმა პირებმა დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. დასახელებულმა პირებმა ბეგლარ კაპანაძის დასახმარებლად მისულ ნოდარ, თეიმურაზ და ზურაბ კაპანაძეებსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - წერია ანგარიშში.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და126-ე მუხლებით კვლავაც მიმდინარეობს, თავდამსხმელებს კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

ძალადობის მეორე შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც, "პატრიოტთა ალიანსის" განცხადების მიხედვით, მათ აქტივიტს თავს დაესხნენ საკრებულოს წევრი "თავისუფალი დემოკრატებიდან" და მისი მეგობარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით, 10:00 საათზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარე ხვთისო კორკოტაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ეზოს წინ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა და გურამ დავითაშვილმა ხვთისო კორკოტაშვილს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. ამასთან, ვახტანგ ბეჟიტაშვილი თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხვთისო კორკოტაშვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით", - წერია ანგარიშში.

გამოძიება ამ საქმეზეც გრძელდება.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზეც მიმართეს.

"მრავალეროვანი საქართველოს" წერილის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ დაიბარა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და მის შტაბში მხარდამჭერთა სიებში ხელის მოწერა დაავალა. 

ცესკო-მ დაადგინა, რომ გამგებლის მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებულ იქნა თანამდებობრივი მდგომარეობა და მის მიმართ 21 სექტემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გადაიგზავნება.

შინაგან საქმეთა სამინიტროსა და პროკურატურაში კი ამბობენ, რომ "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა".

საჯარო სკოლებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის შესახებ კომისიას მიმართა ISFED-მა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისა და  სოფელ ბუკნარის სკოლის დირექტორები, ელვინა ჯავახიშვილი და მარინა გოგიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის და ამავდროულად, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები არიან.

"აღსანიშნავია, რომ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორების მიმართ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრად არჩევის/დანიშვნის შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ელვინა ჯავახიშვილი არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. რაც შეეხება მარინა გოგიშვილს, ის ნამდვილად არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, მაგრამ რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ის არის სუბიექტის შტაბის წევრი, საჭიროა მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით", - აცხადებენ ცესკოში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით კი, ორივე დირექტორი გამოიკითხა და ისინი პარტიის წევრები არ არიან.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამართალდარღვევად დააფიქსირა სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგის შემთხვევა, რომელმაც გაავრცელა ფოტო, სადაც მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.

სკოლებში პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევის შესახებ უწყებათაშორის კომისიას მიმართა "ევროპულმა საქართველომაც". განცხადების მიხედვით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ადგილას "ქართული ოცნების" პარტიული დროშა განათავსეს.

"მუხურას საჯარო სკოლა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია და იქ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს (ექსპლუატაციაში არ არის შესული). დაუდგენელია, ვის მიერ მოხდა დროშის აღმართვა. თუმცა, დირექტორის მხრიდან რეაგირება განხორციელდა და დროშა აღარ არის აღმართული", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

გარდა ამისა, პარტიამ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასპინძის საჯარო სკოლამ სოციალურ ქსელში გაავრცელა სააგიტაციო მასალა "ქართული ოცნების" კანდიდატების შესახებ და გამოხატა მხარდაჭერა მათ მიმართ. განათლების სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფორმაციას, სკოლის ყოფილი მოსწავლე და პედაგოგი თავიანთი შეხედულებებისამებრ ავრცელებენ.

"დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორ კლარა ზედგინიძის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ სკოლის ყოფილი მოსწავლე თავისი შეხედულებისამებრ განათავსებდა ინფორმაციას მის მიერ შექმნილ გვერდზე. ანალოგიური ხასიათის "Facebook" ჯგუფი შექმნილი აქვს სკოლის პედაგოგს, რომელიც, ასევე, თავისი შეხებულებით განათავსებს სასკოლო ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება" - აღნიშნავენ უწყებაში.

უწყებათაშორის კომისიას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე "ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენის გაზიარების ფაქტზე მიმართა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". გარდა ამისა, პარტიის წერილის მიხედვით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაზიარებულია აჭარის მერობის კანდიდატების წარდგენის პირდაპირი ვიდეო.

ცესკოს ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნა.

"რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაზიარებულ ინფორმაციას, საკითხს სწავლობს, ასევე, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და შედეგების შესახებ, შესაბამისად, განახლდება ინფორმაცია", - აცხადებენ ცესკოში.

გარდა ამისა,უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა ახალქალაქში მომხდარი შემთხვევაც, სადაც, "რეზონანსის"ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი მოკვლით დაემუქრნენ.

"2017 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ახალქალაქში ჯავახიშვილის ქუჩა №2-ში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი და ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, მივიდნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი, მისი შვილი გ. პეტროსიანი (ამჟამად გამგებლის რწმუნებული) და სხვა პირები. ს. პეტროსიანი და მისი შვილი გ. პეტროსიანი ჰასმიკ მარანგოზიანის მისამართით ხმამაღლა ყვიროდნენ და არ აძლევდნენ მას მუშაობის გაგრძელების საშუალებას. მეორე დღეს, 2017 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით, 09:00 საათზე, ჰ. მარანგოზიანი ფეხით მოძრაობდა ახალქალაქში, მაშტოცის ქუჩაზე, რა დროსაც მას ავტომანქანით წამოეწია ს. პეტროსიანი, გააჩერა და უთხრა, რომ არ მისცემდა ახალქალაქში არჩევნების ჩატარების საშუალებას. 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით, საღამოს 19:00 სთ- ზე, ჰ. მარანგოზიანი კვლავ ფეხით მოძრაობდა ახალქალაქში თავისუფლების ქუჩაზე, რა დროსაც წინ გადაუდგა მანქანით ს. პეტროსიანი და მისი მხრიდან კვლავ იყო ჰ. მარანგოზიანის მისამართით იმავე შინაარსის მუქარა. იგივე განმეორდა 2017 წლის 02 სექტემბერს. საქმეზე გამოკითხულ იქნა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პ.ფ., რომლის ჩვენებით, 2017 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდნენ ს.პ., მისი შვილი გ.პ. და კიდევ რამდენიმე პირი. ამათგან ს.პ. და მისი შვილი გ.პ. კომისიის თავმჯდომარის მისამართით ხმამაღლა ყვიროდნენ და არ აძლევდნენ მას მუშაობის საშუალებას", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, პეტროსიანი მუქარას არ აღიარებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს ISFED-ი.

საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ქეთევან ჭიპაშვილის "ფეისბუქის" პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის "ქართული ოცნების" ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს. ორგანიზაციის ინფორმაციით, "ფეისბუქის" პოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე, მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები.

"ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ქეთევან ჭიპაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესწავლა", - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობის პირველი შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2017 წლის 30 ივნისიდან 1 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
კომისიამ 6 სხდომის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო სტრუქტურებისთვის 4 რეკომენდაცია გამოსცა.

კომენტარები