თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შემდეგ ფოტოებს ავრცელებს, სათაურით "მერიასთან ორგანიზებული არასანქცირებული აქციის შედეგები".
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ამავე პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად დაზიანებული პანდუსი და მწვანე ნარგავები", - წერენ უწყებაში და შემდეგ ფოტოებს ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით "არასანქცირებული აქცია" არ არსებობს. იურისტების განმარტებით, აქციას არ სჭირდება სანქცია - ყველა აქცია სანქცირებულია.
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ითვალისწინებს შეტყობინებას იმ შემთხვევაში, როცა აქცია იმართება გზის სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს მოძრაობის შეფერხებას.
ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციაზე თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს.
აქციაზე მერიის შენობას პოლიციის კორდონი იცავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა.