აუდიტის სამსახური

NGO-ები: ლომჯარიას და ვეფხვაძის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გენერალურმა აუდიტორმა ორი პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილე გაათავისუფლა, მმართველ პარტიასთან აფილირებულ პირს კი თანამდებობა შეუნარჩუნა, რაც გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ ეჭვებს აჩენს.

"აუდიტის სამსახური მისი ფუნქციებიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. ეს ინტერესი აუტიდის სამსახურის მიმართ განსაკუთრებით მატულობს საარჩევნო პერიოდში. აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამას კი, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან. 

ახალ გენერალურ აუდიტორს ბუნებრივია აქვს უფლებამოსილება, რომ მისთვის სასურველი მოადგილეები დანიშნოს, თუმცა ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ. გათავისუფლებულ მოადგილეებს შორის არის ნინო ლომჯარია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კადრი მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით", - აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.

გარდა ამისა, NGO-ები აცხადებენ, რომ ეჭვებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ამძაფრებს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს.

"საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას კურირებდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი", - აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ გენერალურ აუდიტორს, იყოს მიუკერძოებელი თავის საქმიანობაში და არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეჭვს წარმოქმნის მისი პოლიტიკური მოტივაციის და მიკერძოების შესახებ, "რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას".

განცხადებას ხელს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო 
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე - ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე. თანამდებობაზე დატოვა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი. 

კომენტარები