ტურიზმი

9 თვეში 5.8 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

flickr.com

2017 წლის ცხრა თვეში საქართველოში 5.8 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 19.2%-ით მეტია. შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ სექტემბერში საქართველოს საზღვარი 763 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. იანვარ-სექტემბერში კი ქვეყანაში ყველაზე მეტი, 1.3 მილიონი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. 

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 1.299 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%
  2. სომხეთი - 1.24 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%
  3. რუსეთი - 1.1 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%
  4. თურქეთი - 932 ათასი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 4.7%
  5. ირანი - 272 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 127%
  6. უკრაინა - 156 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13%
  7. ისრაელი - 99.9 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%
  8. საუდის არაბეთი - 53 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 175%
  9. ყაზახეთი - 47 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%
  10. პოლონეთი - 46 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 21%

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

ამ 5.8 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.8 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის რვა თვეში ტურიზმის სექტორის შემოსავლებმა $1.86 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. 

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის ბოლოსთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 11.6 ათასი საწოლია.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები