თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასის თავდასხმის საპასუხოდ სენატორები იარაღზე რეგულაციებს ითხოვენ

abc7.com

ლას ვეგასში მომხდარ ტრაგედიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და სენატორები სოციალურ მედიაში გამოეხმაურნენ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა მომხდარი დაგმეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი: "მე და კარენი ვლოცულობთ და ვთავაზობთ ჩვენს სიყვარულს ლას ვეგასში დატრიალებული უგუნური ძალადობის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს."

არიზონას სენატორი ჯონ მაკკეინი: "მე და სინდი ვლოცულობთ ლას ვეგასის საშინელი სროლის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის. ჩვენ ვაფასებთ მათ სიმამაცეს, ვინც პირველმა აღმოუჩინა დახმარება დაზარალებულებს."

რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს, მათ გარდა ინციდენტის დაგმობისა, დააფიქსირეს, რომ აუცილებელია ქმედითი ნავიჯები გადაიდგას მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის.

ჰილარი კლინტონი: "ჩვენი მწუხარება საკმარისი არ არის. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გადავდოთ პოლიტიკა გვერდზე და წინ აღვუდგეთ "მსროლელთა ეროვნული ასოციაციას" და ვიმუშაოთ ერთად რომ ვცადოთ და შევაჩეროთ მსგავსი ფაქტის განმეორება."

 ის "მსროლელთა ეროვნული ასოციაციის" ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მაყუჩს შეეხება:

"ხალხი სროლის ხმის გაგონებისას გაიქცა. წარმოიდგინეთ მსხვერპლის რაოდენობა მსროლელს მაყუჩი რომ ჰქონოდა, რომლის წვდომაზე გამარტივებაც "მსროლელთა ეროვნულ ასოციაციას" სურს."

კონექტიკუტის სენატორი კრის მერფი: "ჩემს კოლეგებს: თქვენს მიერ გამოჩენილ ლაჩრობას თქვენი ფიქრები და ლოცვები ვერ ჩამორეცხავს. ეს არ დასრულდება, თუ შესაჩერებლად რაიმეს არ გავაკეთებთ."

 მასაჩუსეტის სენატორი ელიზაბეტ უორენი: "ფიქრები და ლოცვები საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტ დედას და მამას მოუწევს საკუთარი შვილების დამარხვა ამ კვირას და მეტი შვილი გაიზრდება მშობლის გარეშე."

ტრაგედიას გამოეხმაურა დამოუკიდებელი სენატორი ბერნი სანდერსიც: "ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იარაღი იმ ხალხის ხელში არ მოხვდეს, ვისაც ის არ უნდა ჰქონდეს."

ამ მოწოდებებზე კომენტარის გაკეთება ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრეს სპიკერს, სარა სანდერსს სთხოვეს. "პოლიტიკური დებატებისათვის დრო და ადგილი არსებობს, მაგრამ ახლა ქვეყნის ერთიანობის დროა" თქვა სანდერსმა.

შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასში 64 წლის სტივენ პედოკის მიერ სასტუმროს 32-ე სართულიდან კონცერტის მონაწილეთა მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 527 ადამიანი. თავდამსხმელმა, რომლის მოტივები ჯერ-ჯერობით უცნობია სასტუმროს ნომერში პოლიციის შესვლამდე თავი მოიკლა.

კომენტარები