არჩევნები 2017

ჩერგოლეიშვილი: კალაძემ შეიძლება არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა "გაქსუებული"

თამარ ჩერგოლეიშვილი
თეორემა/ტაბულა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს "გაქსუებული, გაზულუქებული პოლიტიკოსები" უწოდა. 

"კახი კალაძემ, შეიძლება, არ იცის სიტყვა გაქსუებულის მნიშვნელობა იმიტომ, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ იცოდეს, საერთოდ არ ახსენებდა იმიტომ, რომ პირველ რიგში, თუ ვინმეს სიტყვა გაქსუებული შეესაბამება, ეს არის კახი კალაძე, რომელიც შემძვრალა იქ თბილისის ფეშენებელურ სასტუმროში გაუხსნია შტაბი (რომელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა ურჩია ეს, არ ვიცი, შეიძლება, რაღაც თავისას იკმაყოფილებს), ისეთ სასტუმროში, რომელიც თბილისის 1%-ისთვისაც კი არ არის ხელმისაწვდომი. რა გაქსუებაზე ლაპარაკობს საერთოდ 6-მანქანიანი ესკორტით მოსიარულე კალაძე?"- თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში. 

იმავე ეთერში კალაძეს ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემულ ქონებაზე დაუსვა კითხვა, რაზეც კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ გზით ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს გაზულუქებული, გაქსუელი პოლიტიკოსები თავისი პარტია რუსთავი 2-ის მეშვეობით ცდილობენ ამ ყველაფრის აფიშირებას, რომ მოსახლეობას შეიყვანონ შეცდომაში,"- ამბობს კალაძე.

30 სექტემბერს საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტმა გამოიწვია - ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვდა. ოპოზიცია ხსდომის გადადებას ითხოვდა თუმცა, ისინი საკრებულოს დარბაზიდან ძალიას გამოყენებით გაიყვანეს და მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. 

კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორირეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები