არჩევნები 2017

NGO-ები: სივსივაძის და მესხის "ოცნების" სიაში ყოფნა ქსენოფობიას და ჰომოფობიას ახალისებს

არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმა - არა ფობიას - შეშფოთებას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევების მატებასთან და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოირჩევიან არაშემწყნარებლური რიტორიკით

NGO-ები აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა მიხეილ მესხი და ბექა სივსივაძე. მიხეილ მესხი 2010 წელს 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტთან გამართულ აქციაზე სიძულვილის ენას იყენებდა, სკანდირებდა და ღიად მოუწოდებდა თანამოაზრეებს ჰომოფობიური ფრაზებით, ხოლო გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტს ბექა სივსივაძეს წარსულში არაერთხელ გაუკეთებია ქსენოფობიური განცხადებები თურქეთის მოქალაქეების მიმართ. 

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას საერთო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი, რომელიც უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით გადის ტელესივრცეში. ვიდეორგოლი გაჯერებულია ქსენოფობიური ნარატივით, სადაც კანდიდატების ერთ-ერთ ძირითად წინასაარჩევნო დაპირებას მუსლიმი ქალებისათვის, რომლებიც რელიგიურ ატრიბუტიკას „ჰიჯაბს“ ატარებენ, საჯარო სივრცეებში გადაადგილების შეზღუდვას მოიცავს. ეს ცალსახად ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას და არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით.

ჩვენთვის ცხადია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება, საკუთარ სიაში ჰყავდეს ჰომოფობი ან/და ქსენოფობი კანდიდატები. ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნება” მმართველი პარტიაა, მას არ ართმევს ამ უფლებას, თუმცა ღიად გაცხადებულ დასავლურ ღირებულებებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას სხვა ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით, რომელთა მხრიდანაც სისტემატიურად ხდება ქსობოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკის გამოყენება და ეს მათი პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ხსენებული კანდიდატების დასახელება, ეჭქვეშ აყენებს მათ მიერვე დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისადმი ერთგულებას. მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება არა თუ უპირისპირდება დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, არამედ პირიქით, ერთგვარად ახალისებს ქსენოფობიასა და ჰომოფობიას, რამდენადაც ასეთი კანდიდატების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოსვლით შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებას”, საჯაროდ დააფიქსიროს მისი ნეგატიური დამოკიდებულება ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების მიმართ და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით" - აცხადებს "არა ფობიას".

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითოეულ პოლიტიკურ გაერთიანებას, დამოუკიდებელ კანდიდატებს და სხვა საჯარო პირებს, უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე.

"მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო კამპანიისას თვითრეგულირების ფორმატში რეაგირება მოახდინონ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობა არ აქციონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ელექტორალური შედეგის მიღწევის საშუალებად" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), თანასწორობის მოძრაობა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED).

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია 21 სექტემბერს წარადგინა. პარტიას ახალი სახეები ჰყავს, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც წარსულში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავი სხვადასხვა აქტივობით დაამახსოვრეს.

ნახეთ დეტალურად - "ასავალ-დასავლის ჟურნალისტი და ქართული ოცნების სიის სხვა გამორჩეული წევრები".

კომენტარები