ე.წ ციანიდის საქმე

ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატები პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებულები

რადიო ფორტუნა

ე.წ ციანიდის საქმის სამი ადვოკატი პროკურატურაში დაკითხვაზე არის დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას, ერთერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაუდასტურა. დაკითხვაზე არიან დაბარებული, თავად გიორგი ფანცულაია, მიხეილ რამიშვილი და მია ზოიძე. რაც შეეხება დანარჩენ სამ ადვოკატს, ფანცულაიას ინფორმაციით, მათ პროკურატურა ჯერჯერობით არ დაკავშირებია.

ადვოკატებმა დაზუსტებით არ იციან თუ რასთან დაკავშირებით არიან დაბარებულები დაკითხვაზე, თუმცა ფანცულაია ვარაუდოს, რომ მათი პროკურატურაში დაბარება, უწყების მიერ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე, წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების, მუხლით აწარმოებს.

საქმე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

კომენტარები