არჩევნები 2017

ქართული ოცნება დმანისის მცხოვრებლებს ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ იბერია

"ქართული ოცნება" დმანისის სოფლების მოსახლეობას ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება. ინფორმაცია თავდაპირველად პარტია "შენების მოძრაობამ" გაავრცელა. ფაქტი დმანისის მცხოვრებლებმა მედიასთანაც დაადასტურეს. 

დმანისის სოფელ ირგანჩაის მცხოვრები ალი იუსუბოვი ტელეკომპანია "იბერიასთან" ამბობს: "მოდიან, გვაიძულებენ, ხმა ქართულ ოცნებას მივცეთ". 

ნასირ ობერაუვი: "თავად თუ არიან მზად, ყურანზე დაიფიცონ, რომ დაპირებებს შეასრულებენ. მე ხმას იმას მივცემ, ვისაც მინდა, ან საერთოდ არ წავალ არჩევნებზე".

"შენების მოძრაობის" დმანისის მერობის კანდიდატი, გიორგი ბარბაქაძე კი, რომლმაც "ქართული ოცნება" რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ამბობს, რომ მოსახლეობას პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი და პარტიის დმანისის შტაბის იურისტი, ემზარ პეტრიაშვილი ემუქრებიან.

"ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ტატუაშვილმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ეს ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს. 

თუმცა, უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ “პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი".

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები