გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობიდან ერთი წელი გავიდა

ენმ

ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. 2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ევროპული საქართველოს წევრი მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო. გივი თარგამაძის შეფასებით, პროკურატურას მისი აფეთქების მოტივის გამოძიების მცდელობაც კი არ აქვს.

რამდენიმე თვის წინ, გივი თარგამაძემ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიებაც ჩაატარა. მისი ინფორმაციით, აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა.

"მათგან ერთი გააპარეს, ერთი გაათავისუფლეს, ხოლო მესამის ვინაობა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. კერძოდ - გაქცეულია მთავარი ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილი, სამართლებრივი ლოგიკის სრული უგულვებელყოფით გათავისუფლებულია ბორის ჩაგუნავა და მიზანმიმართულად მიჩქმალულია მესამე მონაწილის, დიმიტრი აბრამიშვილის ბრალეულობა, რომელიც გამოძიებაში არსებული, გამოუქვეყნებელი ვიდეომასალით უტყუარად მონაწილეობდა აფეთქებაში" - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი.

კომენტარები