რელიგიის თავისუფლება

საია ყარაჯალას სკოლაში ჰიჯაბის აკრძალვის შემთხვევაზე ომბუდსმენს მიმართავს

0 კომენტარი
ფოტო: რეზონანსი

საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყარაჯალას სკოლის ორი მუსლიმი გოგონასთვის ჰიჯაბის ტარების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველს მიმართავს. საია ომბუდსმენთან სკოლის შინაგანაწესის იმ მუხლებს ასაჩივრებს, ​რომელიც მოსწავლისაგან სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენის და თავსახვევის ტარების აკრძალვას ითხოვს. 

საიას მიაჩნია, რომ შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლითაც ირიბი დისკრიმინაცია აკრძალულია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების დაუშვებლობა).

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით.

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა დაწესებულებამ, მათ შორის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ თავისი შიდა რეგულაციები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან.

განცხადებით საია სახალხო დამცველს თხოვს, რეკომენდაციით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, შეიცვალოს შინაგანაწესი, რათა მუსლიმ მოსწავლეებს ჰიჯაბის ტარების შესაძლებლობა მიეცეთ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა რამდენიმე კვირის წინ მეშვიდე კლასის 2 მოსწავლე სკოლაში არ შეუშვა, მიზეზი ჰიჯაბი გახდა. სკოლის დირექტორმა ეს გადაწყვეტილება სკოლილს შინაგანაწესით ახსნა, მოსწავლეების ოჯახებმა კი ის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.   

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები