ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი: ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმა ეფექტური არ იქნება

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ენერგეტიკის ფორუმზე ისაუბრა. მისი თქმით ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისი საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლო ან დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

პუტინმა ჩრდილოეთ კორეის თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის კრიზისის თემაზე რუსეთის პოზიციას უსმენს. რუსეთი სანქციებისა და სამხედრო ქმედებების ნაცვლად დიპლომატიურ გზებს ანიჭებს უპირატესობას. პუტინმა ყველა მხარეს რიტორიკის შერბილებისაკენ მოუწოდა.

პუტინის თქმით ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის და რაკეტების განადგურების მიზნით თავდასხმა დიდი ალბათობით ეფექტური არ გამოდგება, რადგან ფხენიანს შესაძლოა დამალული სამხედრო ობიექტები ჰქონდეს, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის.

"შეიძლება თუ არა, რომ ჩრდილოეთ კორეის განიარაღების მიზნით გლობალური თავდასხმა განხორციელდეს? დიახ. მიაღწევს თუ არა თავდასხმა მიზანს? არ ვიცით. ვინ იცის რა აქვთ მათ იქ და სად. ვინაიდან საქმე გვაქვს ჩაკეტილ ქვეყანასთან, 100 პროცენტით ვერავინ იქნება დარწმუნებული." თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის გამო შეშფოთების მეტი მიზეზი აქვს, რადგან ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის გამოცდა რუსეთის საზღვრიდან 200 კილომეტრში ხორციელდება.

კომენტარები