რუსი პრანკერები

კურტ ვოლკერი რუს პრანკერებთან უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე საუბრობს

DELFI/Andrius Ufartas

რუსმა პრანკერებმა აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს, რომელიც მათი მტკიცებით უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან გამართულ სატელეფონო საუბარს წარმოადგენს. ვლადიმირ კუზნეცოვი (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვი (ლექსუსი) კურტ ვოლკერს უკრაინის პრეზედენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის და ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ტურჩინოვის სახელით ელაპარაკებიან.

ვოლკერი პრანკერებს დონალდ ტრამპსა და პეტრო პოროშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე ესაუბრება. მისი თქმით ტრამპი მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაწევას. პრანკერების მოთხოვნაზე, რომ უკრაინას ლეტალური იარაღი სჭირდება, ვოლკერი ამბობს, რომ ტრამპმა და პოროშენკომ შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილეს და მისი აზრით ლეტალური იარაღი უკრაინისათვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის ნაწილია. მისი თქმით ეს იარაღი გადაარმუნებს რუსეთს მომავალში ახალი აგრესიული ქმედებების განხორციელებაზე. ვოლკერის თქმით ტრამპი იმედოვნებს, რომ წარმატებული და მდიდარი უკრაინა მომავალში შეძლებს აშშ-ს გაწეული დახმარების საფასური გადაუხადოს.

ვოლკერის თქმით პრეზიდენტებს სანქციებზე არ უსაუბრიათ და ამ მხრივ ამერიკის მხრიდან დამატებითი ზომები ჯერ-ჯერობით მოსალოდნელი არ არის, რადგან ჯერ კიდევ ახალი სანქციების იმპლემენტაციის ფაზაში არიან.

ვოლკერის თქმით რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მისიის იდეის წამოყენება (მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შემოთავაზებული გეგმა არაეფექტურია) მიანიშნებს, რომ რუსეთს სურს საკითხის განხილვა. ვოლკერის აზრით სამშვიდობო მისიის მხოლოდ კონფლიქტის ზონით შემოფარგლვა უკრაინის დაყოფას კიდევ უფრო გააღრმავებს და ამიტომ მან რუსეთის მხარეს წერილი მისწერა და მოუწოდა სამშვიდობო მისიის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას დათანხმდნენ.

ვოლკერმა "ზაპადის" ფარგლებში მიმდინარე წვრთნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამით რუსეთი ცდილობს დააშინოს დასავლეთ ევროპა და გაზარდოს მათსა და უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის დაყოფა.

ვოლკერის აზრით უკრაინა დონეცკში შეჭრის შემთხვევაში საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს, დამარცხდება და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიდგენს. ვოლკერის თქმით აშშ რუსეთთან ომის დაწყებას არ აპირებს. ის იმედოვნებს, რომ ქვეყანაში სამშვიდობო მისიის განთავსება რეგიონიდან რუსეთის გასვლას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა პრანკერმა ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) მიმდინარე წლის აგვისტოში აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მისი მტკიცებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე ესაუბრება.

კომენტარები