ბიუჯეტი 2018

2018-ში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2005 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იქნება

ტაბულა

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 112 მილიონით აღემატება. 3.5 მილიარდი ლარი არის რეკორდული მოცულობის თანხა, რაც საქართველოს რომელიმე სამინისტროს წლის განმავლობაში დაუხარჯავს. მეტიც, ის ნომინალურად 2005 წელს არსებულ მთელ საქართველოს ბიუჯეტს აღემატება, რაც მაშინ 2.8 მილიარდ ლარს შეადგენდა.

სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა 704 მილიონ ლარამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდას უკავშირება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება. ასევე 1.7 მილიარდ ლარამდე იზრდება საპენსიო ფონდი, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20 მილიონით აღემატება. 

ჯანდაცვის სამინისტრო 2018 წლის 12.4-მილიარდიანი ბიუჯეტის 28%-ს დახარჯავს. 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროზე მთლიანი ბიუჯეტის 29% მოდის, 2016 წელს კი ის ბიუჯეტის 31%-ს შეადგენდა.

2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტად, 572 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება და ის 1.83 მილიარდ ლარს აღწევს. აღნიშნული ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება, რომელზეც 2018 წელს 0.8 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. 

ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტად 117 მილიონი ლარით ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება. 2018 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 253 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, აღნიშნული შემცირება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დასრულებას უკავშირდება. 2017 წელს სამინისტრომ ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიები გამოისყიდა და ის ანაკლიის კონსორციუმს გადასცა.

46 მილიონი ლარით, 702 მილიონ ლარამდე მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამ შემცირების შედეგად თავდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში 5.6%-მდე შემცირდა, რაც გასული 14 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.

კომენტარები