გენდერული კვოტირება

იურიდიულმა კომიტეტმა გენდერულ კვოტირებას მხარი დაუჭირა

საია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა - 10 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გადაწყვეტილებას "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა.

სხდომას ქალთა მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ.

"ჩვენ გვინდა ამ პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის შენებაში და მუშაობაში ქალების ნიჭი, შესაძლებლობები და ცოდნა იყოს გამოყენებული. ამ აზრს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 70%, რომელსაც სჯერა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში მხოლოდ კეთილდღეობას მოუტანს ამ ქვეყანას. კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება, ცოდნაც გაიზრდება, გამოცდილებაც გაიზრდება და ბუნებრივია, ეს წაადგება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ქალთა მოძრაობის წევრმა, ბაია პატარაიამ.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხომაზე მხარს დაუჭერს, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვით პარტიული სიის ყოველი მეორე წევრი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

"საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას პარტიებს დაევალოთ დაიცვან სქესთა ბალანსი, ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც.

აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა კვოტირებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები