ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი: ამერიკა ძალიან ბნელ გზას მიჰყვება

TheGuardian

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა. ის რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საზოგადოების წინაშე საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში წარსდგა, სადაც საჯარო სამსახურში 40 წლიანი მუშაობისთვის დააჯილდოვეს.

74 წლის ბაიდენის თქმით, ნანობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან შეიძლება გაემარჯვა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა 2020 წელს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატიც გახდეს. 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა "ძალიან ბნელ გზას" მიჰყვება და ვაშინგტონის საერთაშორისო პოლიტიკის ესტაბლიშმენტს მოუწოდა, მტკიცედ დადგნენ. ბაიდენმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი განსაკუთრებით იმის გამო გააკრიტიკა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო პუტინს შესაბამისად არ უპასუხა. 

გარდიანის ცნობით, იშვიათია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები მოქმედ პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ. თუმცა, ბაიდენმა ეს ტრადიცია დაარღვია.

ჯო ბაიდენის განცხადებით, საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე რუსეთია და ვინაიდან დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს სათანადოდ არ აკრიტიკებს, მის აგრესიულ ქმედებებს ისევ კონგრესი უპასუხებს სანქციებით. 

“პუტინს არაფერი სურს იმაზე ნაკლები, ვიდრე ტრანსატლანტიკური საზოგადოების შუაზე გაყოფაა, რათა უფრო თავისუფლად დაანგრიოს ისეთი ქვეყნები რუსეთის პერიფერიაში, როგორებიც უკრაინა და საქართველოა. ქვეყნები, რომლებიც საკუთარ მომავალს დასავლეთში ხედავენ და ფიქრობენ, როგორ მივიდნენ იქამდე. პრეზიდენტ ტრამპსაც არ ჰქონია ნება, გაეკრიტიკებინა პუტინი თუნდაც ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევის გამო. ღვთის გულისთვის! იფიქრეთ ამაზე, რა სიგნალს აგზავნის ეს ყველაფერი მთელს მსოფლიოში. საბედნიეროდ, კონგრესი, ამ შემთხვევაში "რესპუბლიკელების" თაოსნობით, არ აპირებს პუტინს ამის საშუალება მისცეს. 

იმ მრავალ პრობლემას შორის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის კუთხით აქვს, განსაკუთრებით მწვავეა: იდეოლოგიური არათანმიმდევრულობა, დაუსაბუთებელი და დამაბნეველი მესიჯები, გადაწყვეტილების მიღების მერყევი და არამტკიცე პოლიტიკა, პრობლემების გადაჭრის უუნარობა ან სურვილის არქონა. როდის ყოფილა სახელმწიფო დეპარტამენტში  მე-7 სართულზე გეყვირა და ექო გაგეგო? არა, მე არ ვხუმრობ, ეს უპასუხისმგებლობაა, სწორედ ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი და საშიში", - განაცხადა ბაიდენმა. 

კომენტარები