იარაღზე კონტროლი

ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და მსხვერპლთა სტატისტიკა: საჭიროა თუ არა მეტი კონტროლი

REUTERS/George Frey

ლას ვეგასში სტივენ პედოკის მიერ 58 ადამიანის მოკვლამ ამერიკაში იარაღის კონტროლის თაობაზე დებატების ახალი ტალღა გამოიწვია. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დემოკრატი სენატორები Twitter-ზე იარაღზე რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე წერდნენ. იმავე დღეს კანზასის უნივერსიტეტში სროლად 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთო ჯამში ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყანაში სროლის შედეგად დღეში საშუალოდ ერთ ადამიანზე მეტი იღუპება. 2015 წელს სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 369-ს მიაღწია, გასულ წელს 432, ხოლოდ მიმდინარე წელს უკვე 346-ს შეადგენს. Gun Violence Archive-ის მიხედვით მასობრივ სროლაში დაღუპულები მიმდინარე წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა მხოლოდ 3%-ს შეადგენენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრის მონაცემებით 2001-2013 წლებში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა თვითმკვლელობაზე მოდიოდა. 406,496 შემთხვევიდან მკვლელობა მხოლოდ 153,144 იყო.

Pew Research Center-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით ამერიკელთა 51% იარაღზე კონტროლის გამკაცრებას უჭერს მხარს.

სადავოა თუ რამდენად იმოქმედებდა ამ შემთხვევაში იარაღის კონტროლზე იმ ზომების არსებობა, რასაც ამჟამად სენატორების ნაწილი მოითხოვს. მაგალითად ავტომატური იარაღის შეძენაზე აკრძალვები. პედოკმა ნახევრად ავტომატური იარაღის ავტომატურად მოდიფიკაცია თავად განახორციელა. ამ შემთხვევაში მსხვერპლის რაოდენობას ვერც სავაზნეზე ლიმიტს დაწესება შეამცირებდა, რადგან სასტუმროს ოთახში გამაგრებულ პედოკს, რომელსაც თავდასხმა კარგად ჰქონდა ორგანიზებული, იარაღის გადატენვისათვის საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდა. ამ დანაშაულის პრევენციისათვის ვერც მყიდველის პროფილის შემოწმება და კანონები, რომლებიც ნასამართლევი ან ოჯახურ ძალადობაში შემჩნეული პირებისათვის იარაღზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს გამოდგებოდა, რადგან პედოკს კრიმინალური წარსული არ ჰქონია.

გარდა ამისა ისიც სადავოა არის თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის ქონასა და მისი მეშვეობით განხორციელებულ მკვლელობათა რაოდენობას შორის პირდაპირი კავშირი. Gunpolicy.org-ზე დაყრდნობით სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების შედარებისას ჩანს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა რიცხვი 100,000 კაცზე ყველაზე მაღალია, ერთ სულ მოსახლეზე იარაღის ფლობის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია და პირიქით, იმ ქვეყნებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი მოდის, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა რიცხვი ბევრად დაბალია.

კომენტარები