საკონსტიტუციო ცვლილებები

არასამთავრობოები მმართველ გუნდს: ყურადღებით განიხილეთ პრეზიდენტის შეთავაზება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ათი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის შეთავაზება გონივრული კომპრომისია და ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. 

გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს ოთხ საკითხზე შეთანხმება შესთავაზა. ესენია: ბონუს მანდატების გაუქმება, ბლოკების დაშვება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ, მას შემდეგ რაც ის ორპალატიანი გახდება.

"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. შემოთავაზებული საკითხები, ძირითადად, კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა" - წერია  გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, "ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის".

განცხადებას ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ლიბერალური აკადემია 

ფონდი ღია საზოგადოება 

საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები